გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში“ ამწე საშუალებების სიმულაციური ლაბორატორია განთავსდება.

2021 წლის 30 მარტს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს“ ამწე საშუალებების სიმულატორი გადასცა. აღნიშნული სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირების საკლასო სწავლებისათვის, როგორებიცაა: სანავსადგურე მობილური ამწე (MHC), გემი-ნავმისადგომი ტიპის ამწე (STS), პნევმოთვლიანი ჯოჯგინა ამწე (RTG), საკონტეინერო ავტომტვირთველი, ჩანგლიანი ავტომტვირთველი და ექსკავატორი. მითითებული თანამედროვე ტექნიკის ტიპებიდან ორი - STS და RTG, დღესდღეობით არ გამოიყენება ქართულ ბაზარზე, მაგრამ მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება ფოთის ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურში წარმოქმნილი საჭიროებების კვალდაკვალ.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ხარისხიანი განათლების პუნქტია და შესაბამისად, კომპანია გამორჩეულად უჭერს მხარს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ინიციატივებს.

„ამგვარი სოლიდური ინვესტიცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ხანგრძლივ და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულობას და წარმოადგენს ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელშეწყობით, ფოთში, როგორც ქვეყნისა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრში, უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე ზრუნვის ნათელ მაგალითს. მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეფექტური თანამშრომლობით, სანავსადგურე ქალაქში შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების თანმხვედრი პროფესიული განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგად, ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომად გვესახება და თანმიმდევრულად ვმუშაობთ აღნიშნულის ხელშესაწყობად. ყოველივე ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური ფუნქციონირების გამოცოცხლების კუთხით.“ - განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.

სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც 2021 წლის 30 მარტს, ფოთში საზეიმოდ მოეწერა ხელი.