გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ პროფესიული განვითარების პროგრამა "ინპორტ STEM” დასრულდა.

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა “ინპორტი” პირველად 2017 წელს დაიწყო და კოვიდ-პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, წელს მონაწილეთა მეოთხე ნაკადს უმასპინძლა. შრომის ბაზარზე ტექნიკური პროფესიების კუთხით არსებული სიტუაციისა და კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია პროგრამა, “ინპორტ STEM”-ის სახელწოდებით, უშუალოდ აღნიშნული პროფესიული მიმართულებების მქონე ახალგაზრდების მოძიებას ისახავს პრიორიტეტად და შერჩეულ მონაწილეებს სთავაზობს  ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას.

„კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, როგორც შრომის ბაზრის მდგრადი განვითარების უპირობო საწინდარი. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ცდილობს ადგილობრივ, ინტერესიან, სათანადო მოტივაციისა და სამუშაო მიდგომების მქონე ახალგაზრდებს შეუქმნას ფოთის საზღვაო ნავსადგურში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. 

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიული და ტექნიკური განათლების მქონე დამწყები სპეციალისტების ხელშეწყობას; მათთვის საუკეთესო ინდუსტრიული პრაქტიკის  გაზიარება და დასაქმების შესაძლებლობის ზრდა ჩვენი გუნდის პრიორიტეტად რჩება. მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნეს საქმიანობასა და საზოგადოებაზე ზრუნვის შერწყმით და ერთობლივი შრომით შევძლებთ ნებისმიერ გამოწვევის წარმატებით დაძლევას როგორც ჩვენი კომპანიის, ასევე, ქვეყნის საკეთილდღეოდ.“ - ლელა კვანტალიანი, ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი

"ინპორტ STEM-ში” აგვისტოდან ჩაერთო 10 მონაწილე, რომელმაც მოკლე თეორიული მოდულის შემდეგ, პრაქტიკული სტაჟირება უშუალოდ ნავსადგურში მიმდინარე სამუშაო პროცესში გაიარა. წლევანდელი ნაკადიდან, პროგრამის 3 მონაწილე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გუნდს უკვე შემოუერთდა სხვადასხვა პოზიციაზე, 3 მათგანი კი განაგრძობს სტაჟირებას.

აღსანიშნავია, რომ არსებობის ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული პროგრამა 45 ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 26 უკვე ნავსადგურის თანამშრომელია.