
03.04.25
ეიპიემ ტერმინალსს ემატება ახალი საკონტეინერო სივრცე და 50 000 TEU წლიური გამტარუნარიანობა
საოპერაციო შესაძლებლობებისა და პროცესების გაუმჯობესებისმიზნით, ეიპიემ ტერმინალსმა ფოთის პორტის მიმდებარედ შეისყიდა და გააუმჯობესა დამატებითი ტერიტორია. ახალი საკონტეინერო ეზო, რომლის ფართობი 5.4 ჰექტარია, წარმოადგენს კიდევ ერთი ინვესტიციის შედეგს, რომლის მიზანიც ნავსადგურში გემის დაყოვნების დროის შემცირებაა.
ამჟამად, ეიპიემ ტერმინალს ფოთი წარმოადგენს მთავარ კარიბჭეს საქართველოსა და კავკასიის რეგიონისთვის. ამასთან, მისი, როგორც სანდო ჰაბის, მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაციას ცდილობენ.
ჩვენი საოპერაციო გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს ოპერაციების ოპტიმიზაციას და პორტში დაყოვნების დროის შემცირებას. ამისთვის უკვე შემუშავებულია წინასწარი დასაწყობების პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც საკონტეინერო გემებისთვის კონტეინერები პორტის გარეთ არსებული ტერმინალებიდან წინასწარ შემოდის და ადგილზე ინახება. ამ გზით, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ოპერაციების მაღალი ეფექტიანობა და ამავდროულად გავზარდოთ პორტის კონკურენტუნარიანობა შავი ზღვის რეგიონში.
დამატებითი სივრცე [რომლის შესაძლებლობასაც "სამკუთხედი" ქმნის] საშუალებას გვაძლევს გავაფართოოთ წინასწარი დასაწყობების შესაძლებლობები. ამასთანავე, გაზრდილი სასაწყობო სივრცე საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ისეთი საპროექტო ტვირთები, რომელთა მიღება აქამდე, შეზღუდული ინფრასტრუქტურისა თუ სივრცის გამო, საქართველოში ვერ ხერხდებოდა.
ეიპიემ ტერმინალს ფოთი გეგმავს, რომ გაზრდილი შესაძლებლობები გამოიყენოს სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან დამატებითი ტვირთის მოსაზიდად, რაც ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის ერთგულებას საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი და მზარდი სატრანსპორტო ჰაბის განვითარებისადმი.